რატომ დასაჯეს თბილისის „დინამო“ - ფან-კლუბის წევრების განცხადება

  ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ჩატარება თბილისის „დინამოს“ როტერდამის „ფეინოორდის“ წინააღმდეგ ცარიელ ტრიბუნაზე მოუწევს. მიზეზი „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ...

რატომ დასაჯეს თბილისის „დინამო“ - ფან-კლუბის წევრების განცხადება
 

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ჩატარება თბილისის „დინამოს“ როტერდამის „ფეინოორდის“ წინააღმდეგ ცარიელ ტრიბუნაზე მოუწევს. მიზეზი „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქომაგების მხრიდან წარმოთქმული რასისტული შეძახილები გახდა.

უფრო კონკრეტულად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ყურადღება თბილისური კლუბის ფან-კლუბის მიერ წარმოდგენილ ბანერზე გაამახველა, რომელზეც „88“ წერია. როგორც უეფამ კლუბის წარმომადგენლებს განუმარტა, აღნიშნული ციფრი რასისტული სიმბოლიკის შემცველია.

დისკვალიფიკაციაზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს „დინამოს“ ფან-კლუბის წარმომადგენლებმა და უეფა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, უეფას გადაწყვეტილებით, დინამო - ფეიენოორდის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ამის მიზეზი ჩვენი “ძველი სკოლის” წარმომადგენლის ბანერი გახდა. ბევრმა უვიცმა ჟურნალისტმა, 19-88 გამოსახულების გამო, ''ფაშისტებად'' შეგვრაცხა. 88 უფრო დიდად წერია ვიდრე 19-იო. რატომღაც ყველას დაავიწყდა ჩვენი ენის სპეციფიკა. 1981 წელს მოვიგეთ თასების თასი? კი, მაგრამ ქართველები ასე ვამბობთ, 81-ში მოვიგეთ. ყურადღება ყოველთვის ბოლო ორ ციფრზე მახვილდება. ეს ბანერი რამდენიმე წლის წინ დამზადდა და არაერთხელ გამოჩენილა ჩვენს სექტორებზე, მათ შორის უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზეც (დინამო-პაოკი 2016 წელი). თუ აქამდე არავის ჰქონია პრობლემა, დღეს რატომ შეირაცხა ეს ბანერი "ფაშისტურად"? ვინც იცის რა ხდება ევროპულ ტრიბუნებზე, მათთვის ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. სამართლიანობის სახელით მებრძოლი ეს ორგანიზაცია ბევრ ევროპულ კლუბს უქმნის მსგავს პრობლემას და შერჩევითი სამართალით ცდილობს საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას. ისეთი აბსურდული მიზეზებით უწერენ ევროპულ გრანდებსაც კი დიდ ფულად ჯარიმებს, როგორიცაა სექტორებს შორის კიბეზე ადამიანების დგომა. როგორ შეიძლება ამ მიზეზით კლუბი ათეულობით ათასი ევროთი დააჯარიმო. გაბალაში გასვლითი მატჩიდან დაბლოკეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბანერი, რომელსაც თითქმის ყველა მატჩზე ვკიდებდით. მისი გამოჩენის შემთხვევაში კი ანალოგიურ ჯარიმას მიიღებდა კლუბი (დაკეტილი სტადიონი და 50 000 ევრო ჯარიმა). აფხაზეთის ბანერის გამო რომ დაეკეტათ ჩვენი სტადიონი, მერე რას იზამდა ამდენი ჩასაფრებული ვითომ გულშემატკივარი? რომლებიც მხოლოდ იმაზე ნაღვლობენ, რომ ფეიენოორდს ახლოდან ვერ ნახავენ და ამის გამო ჩვენი მიმართულებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ჩვენ გვიყვარს დინამო და საქართველო, რის გამოხატვაშიც გვზღუდავს უეფა, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ერთიანი ტერიტორიების გამომხატველი ბანერის წინააღმდეგია. მთელი ევროპა შეთანხმებულია იმაზე, რომ უეფა მაფიოზური ორგანიზაციაა. უამრავი კლუბის (მათ შორის გრანდების) ტრიბუნებზე ნახავთ ბანერებს “უეფა მაფია”. 19-88 ბანერიც რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცით, რომ სხვა მიზეზების ჩხრეკას დაიწყებდნენ. ეს მათი სტილია.

დიდება დინამოს, დიდება საქართველოს!“